გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების ნებისმიერი წევრის კონსოლიდაციაა.
ზურა ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და სერგო ჩიხლაძემ ერთობლივ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც რეზოლუციაშია ნახსენები.
მათი თქმით, ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერას საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის. ძალიან ცხადია, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას. პირიქით - ამ 4 თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ გადადგა რიგი ნაბიჯები იმისა, რომელიც მოდის წინააღმდეგობაში 12 პუნქტის სულისკვეთებასთან. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს, ეს არის კონსოლიდაცია. ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, რომლისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. კონსოლიდაცია და ამ ხელისუფლების გაშვება, რაც შეიძლება სწრაფად" - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, რეკომენდაციების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
"ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ველოდებით შეფასებას ევროკავშირის მხრიდან. დოკუმენტში პრაქტიკულად ლაპარაკია არათუ წინსვლაზე და პერსპექტივასთან მიახლოებაზე, არამედ უკუსვლასა და რეგრესზე. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე, რომ დავუახლოვდეთ ევროპას"- თქვა ხოშტარიამ.
"4 თვე გავიდა რეკომენდაციების გამოქვეყნებიდან და რეზოლუციაში პირდაპირაა ნახსენები სახელმწიფოს მიტაცება, რეგრესი სასამართლო რეფორმის მხრივ, სტაგნაცია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, გაუარესება მედიის და გამოხატვის თავისუფლების მხრივ. 4 თვის განმავლობაში არათუ წინსვლა, არამედ რეგრესია ყველა მაჩვენებლით"- თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
გუშინ, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.
დოკუმენტში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაშია.
ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.
ევროპარლამენტართა მხარდაჭერილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე" და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს".